არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში.
თბილისი ( კოორდ. 41°43′N 44°47′E), მეთექვსმეტე საუკუნეა რაც საქართველოს დედაქალაქია; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგანის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (მაგ: ბაქო თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით თბილისის დედაქალაქის სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის (1995) X მუხლითა და საქართველოს კანონით „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - შესახებ“ (1998, 20 თებერვალი). თბილისს განაგებს საკრებულო და თბილისის მერი. თბილისის საკრებულო არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა და ყოველ ოთხ წელიწადში აირჩევა. თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. თავდაპირველად (2005 წლამდე) მერი დანიშვნთი იყო და მას ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი, შემდეგ საკრებულო ირჩევდა. 2009 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით მერი პირდაპირი არჩევითი თანამდებობდა გახდა, რითაც თვითმმართველი ქალაქების პოლიტიკური მოწყობა შესაბამისობაში მოვიდა რესპუბლიკის პოლიტიკურ მოწყობასთან. ქალაქის მიმდინარე მერია გიგი უგულავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე — ზაალ სამადაშვილი. ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ექვს რაიონად, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლები - მაჟორიტარი დეპუტატები ჰყავთ საკრებულოში და ადგილობრივი მმართველობა, შეზღუდული იურისდიქციით. რაიონებში უშუალო მმართველობას (ქალაქის მთავრობის დავალებებს) ახორციელებენ გამგებლები, შესაბამისი სტრუქტურული ერთებულების - გამგეობების დახმარებით. რაიონები თავის მხრივ იყოფა უფრო მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად, სადაც გამგეობების წარმომადგენლობები ახორციელებენ შესაბამისი იურისდიქციის მართვა-გამგეობას. რაიონული მოწყობა 1930-იან წლებში საბჭოთა მმართველობის დროს შეიქმნა, საბჭოთა კავშირის ზოგადი დაყოფის შესაბამისად. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რაიონული სისტემა (ძირითადად მართვა-გამგეობის მხრივ) მცირედ შეიცვალა. ბოლო ცვლილებების შედეგად, თბილისის რაიონები და უბნებია:
რევოლუციამდელ თბილისში ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ჭრელი იყო. ეთნიკური უბნების საზღვრებს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ბედეკერი: ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რკნიგზის სადგურის სამხრეთით გაშლილია სუფთა გერმანული უბანი, სადაც ვიურტემბერგიდან გადმოსახლებული (1818) გერმანელების შთამომავლები სახლობენ. სამხრეთით ქართული უბანია (ავლაბარი). მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული უბანია, სადაც მეფისნაცვლის საბრძანებელი და მეწარმეთა ოფისებია განლაგებული. სამხრეთიდან მას ესაზღვრება სომხური და სპარსული ბაზრები. თბილისის მერები
|